+995 32 2 377 320

სანქციები არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით


2014 წლის 1 იანვრიდან კანონი განსხვავებულად არეგულირებს არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სანქციებს. წარმოგიდგენთ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ სიახლეებს.

! ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.

! სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს:

- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას;

- 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

! აღნიშნული მიზეზით მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, ან შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. თუ მძღოლი ადმინისტრაციული სახდელის მოქმედების ვადაში კვლავ ჩაიდენს იგივე ქმედებას, იგი დაჯარიმდება 1000 ლარით და მისი მართვის უფლების შეჩერების ვადა 2 წლამდე გაიზრდება.

! მართვის უფლების 6 თვით ან 1 წლით შეჩერების დროს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე, ასევე არ ვრცელდება 1000 ლარიანი ჯარიმისა და 2 წლიანი შეჩერების შემთხვევაში).

! გაითვალისწინეთ, რომ ჯარიმა გადახდილი უნდა იქნას დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

აქვე გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ჩადენილი ამ ხასიათის სამართალდარღვევა ჩაითვლება პირველად ჩადენილ სამართალდარღვევად (ამ დრომდე არსებული სამართალდარღვევები ანულირებულია).

საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ 27.11.2013 მიღებული საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (N1644-Iს).