+995 32 2 377 320

სამოქალაქო კოდექსში სესხის პროცენტსა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ცვლილებების მოკლე აღწერა


სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები განხორციელდა, რომელიც სესხის პროცენტსა და იპოთეკის ხელშეკრულების ფორმას შეეხება. წარმოგიდგენთ ცვლილების მოკლე შინაარსს:

- სავალდებულო ხდება ‚‚კერძო იპოთეკართან‘‘ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, ანუ ამ შემთხვევაში გარიგების მონაწილეთა ხელმოწერების საჯარო რეესტრის მიერ დამოწმება არ იქნება შესაძლებელი.

- იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

- 1000 ლარზე (ან მის ექვივალენტზე) მეტი ოდენობის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი იზღუდება. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი (სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ხარჯის ჩათვლით, როგორიცაა, მაგალითად, საკომისიო), არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს; ტარიფი ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. აღნიშნული განაკვეთები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შესაბამისად, თუ 2013 წლის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული გახლდათ 17.7%, გამოდის, რომ 2014 წლის 1 მარტიდან ‚‚კერძო იპოთეკარის‘‘ მიერ ზემოთ აღწერილი პირობებით გაცემული სესხის სარგებელი (საპროცენტო განაკვეთისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, გარდა სანოტარო და რეგისტრაციის ხარჯისა) არ უნდა აღემატებოდეს თვეში 3.69%-ს. 

- ცვლილებები ამოქმედდა 2014 წლის 28 იანვრიდან. ამ კანონის ამოქმედება არ გამოიწვევს მის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებების პირობების გადახედვას.

! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღწერილი ცვლილებები ეხება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (ე.წ. ‚‚კერძო იპოთეკარებს‘‘), რომელთა საქმიანობას წარმოადგენს სესხის გაცემა. ეს პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე.

საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ 25.12.2013 მიღებული საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (N1864-რს).