+995 32 2 377 320

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო (დეკრეტულ) შვებულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები


ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 1 იანვრიდან ცვლილება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსში. ცვლილება ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

ცვლილების შინაარსი შემდეგნაირია:

- შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ნაცვლად, განისაზღვრა 730 კალენდარული დღით. შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 183 კალენდარული დღე (ნაცვლად 126 დღისა), რომელიც გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 200 კალენდარულ დღემდე გაიზრდება.

- დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, შეიძლება მიეცეს ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადი იქნება 90 კალენდარული დღე.

ამგვარი შვებულების ანაზღაურება იწარმოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო გასაცემი ფულადი დახმარების ზედა ზღვარი განისაზღვრება 1000 ლარით (ნაცვლად 600 ლარისა). ამასთან, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ 27.09.2013 მიღებული საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ (N1393-რს).