+995 32 2 377 320

დასაქმებულის ანაზღაურება დროებითი შრომისუუნარობის დროს


დროებითი შრომისუუნარობა, რომელიც გამოწვეულია დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე მის მიერ ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის ან კარანტინის გამო, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია. ასეთ დროს, შრომის კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება (თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული). თუმცა შრომის ანაზღაურების ნაცვლად, დასაქმებულზე გაიცემა ‚‚დახმარება დროებითი შრომისუუნარობის გამო‘‘.

იმისათვის, რომ დასაქმებულმა აღნიშნული დახმარება მიიღოს, მან დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს საავადმყოფო ფურცელი. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, გაუწიოს მას ფულადი დახმარება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. გასაცემი თანხის ოდენობა დაანგარიშდება პირის ხელფასის შესაბამისად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გამონაკლისები, როდესაც დამსაქმებელს არ წარმოეშვება დახმარების გადახდის ვალდებულება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის შრომისუუნარობა გამოწვეულია საკუთარი ჯანმრთელობისათვის განზრახ ზიანის მიყენებით, ანდა დაავადებით/ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული ნივთიერებით თრობა და სხვა.

გასათვალისწინებელია, რომ თუ შრომისუუნარობის ვადა ზედიზედ 40, ან 6 თვის განმავლობაში ჯამურად 60 კალენდარულ დღეზე მეტია და ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს კუთვნილი შვებულება, აღნიშნული კვალიფიცირდება ხანგრძლივ შრომისუუნარობად და წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ (2009 წ. 20 თებერვალი).